გიორგი კვირიკაშვილი
05/06/2014

ეკონომიკის სამინისტრომ "თბილისის სამიტი 2014"-ზე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის მიმდინარეობის და განხორციელების შესახებ ანგარიში და პრეზენტაცია წარადგინა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამიტის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა.
"ჩვენმა სამინისტრომ, როგორც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ზედამხედველმა სამინისტრომ წარადგინა პროექტის მიმდინარეობის და განხორციელების შესახებ ანგარიში და პრეზენტაცია. ასევე ჩვენმა კოლეგა მინისტრებმა თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან წარადგინეს მათი მხრიდან საკუთარი პრეზენტაციები. ეს არის უმნიშვნელოვანესი, კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, რომ ჩვენ სამ ქვეყანას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხაზი და თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ტრანსპორტის სფეროში, ენერგეტიკის სფეროში. ასევე ვაჭრობის მხრივ აზერბაიჯანი და თურქეთი არიან ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ განავითაროს სამივე ქვეყანამ თანამშრომლობა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების და ბიზნესების მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.